X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

1 თებერვალი 2026

"ქუთაისში დავათვალიერეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის პროცესი, მათ შორის, 28-ე საჯარო სკოლაში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ უკვე მომავალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში  შეხვდებიან ამ კონკრეტული დასახლების მოსწავლეეები,"- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქუთაისში 150 მოსწავლეზე გათვლილი №28 საჯარო სკოლის დასკვნითი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ერემეიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სკოლაში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა კომფორტული და უსაფრთხო საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები, რაც მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მეთოდებით მიღების შესაძლებლობას მისცემს.

შენობაში განთავსდება მულტიფუნქციური დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ხოლო ეზოში მოეწყობა მოსწავლეებზე მორგებული სათამაშო და რეკრეაციული სივრცე.

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემებით.

ქუთაისის №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დასრულების შემდეგ მოსწავლეები სრულად განახლებულ, უსაფრთხო და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში განაგრძობენ სწავლას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევრბზე, რომელიც არსებობს ქუთაისის ეს  მე-4 და მე-7  სკოლებთან მიმართებაში. მისი თქმით, სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, აქტიურად მუშაობს შეფერხებული სამუშაოების დროული განახლებისთცის.

"მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო  მშობლებს და მოსწავლეებს, იმ შეფერხებისთვის რაც ამ ეტაპზე გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არსებული პრობლემები მალე მოგვარდეს, რაც შეიძლება მალე განახლდეს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ბავშვებმა, რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ სწავლის გაგრძელება,"- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.